პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს 32 მლნ ევროს გამოუყოფს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად

   საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების უდიდეს მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს ახალი ინიციატივების განხორციელებაში.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას - "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი"( Technical Cooperation Facility - TCF). შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად. შეთანხმების მიზანი საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ზოგადად ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა.