საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის სოჭში გამართული შეხვედრის შესახებ “ფოსტალიონთან” საუბრისას ყოფილმა პოლიტდევნილმა, პარტია “დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძემ განაცხადა, რომ ქართულმა დიპლომატიამ მორიგი კრახი განიცადა:
„ეს არის ქართული დიპლომატიის მორიგი კრახი, ფიასკო! ამჯერადაც საქართველომ ვერაფერი მოიმოქმედა, რომ მოლაპარაკების დღის წესრიგში ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერს რუსეთისთვის საქართველოს პრობლემატიკა გაკვრით მაინც შეეხსენებინა.
სოჭში გერმანიის კანცლერ მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის საუბარი იყო რამდენიმე საკითხზე: მსოფლიო ტერორიზმი, ახლო აღმოსავლეთი - სირია და მინსკის შეთანხმება უკრაინასთან დაკავშირებით. ოფიციალური დღის წესრიგის ამოწურვის შემდეგ მერკელმა სთხოვა პუტინს, დაინტერესებულიყო ჩეჩნეთში გეებისა და ჰომოსექსუალების უფლებების შელახვით! ჩვენი ბედკრული საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერს არც კი გახსენებია. ან კი რატომ გაახსენდებოდა, როცა თავად საქართველოს ხელისუფლებას არ ახსოვს არც სამაჩაბლო, რომელსაც უკვე ალანია დაარქვეს და რუსეთთან შეერთებისთვის ამზადებენ (დე ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტის ოფიციალური განცხადება), არც აფხაზეთი და არც კოდორის ხეობა!
სამაგიეროდ, დღევანდელი მთავრობის ჩინოვნიკები პირადი კეთილდღეობისთვის მუხლჩაუხრელად იღვწიან. ერთი მინისტრი ბიუჯეტიდან 6 ათას ლარს ხარჯავს ბინის ქირისთვის, მაშინ, როცა საკუთარი ბინა გააჩნია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე 6 თვეში ხელფასის სახით ასი ათასზე მეტს ღებულობს, ხოლო მოსამართლეები თავს უფლებას აძლევენ, ისევ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე 175-ათასიანი ჯიპებით იქრიალონ. და რამდენი ასეული ასეთი სამარცხვინო მაგალითის გახსენება შეიძლება! და ბუნებრივია, როდესაც თავად საქართველო არ ზრუნავს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებაზე, რატომ უნდა აიტკიოს თავი თუნდაც ეგრეთწოდებული მეგობარი ქვეყნის ლიდერებმა ჩვენზე ზრუნვით?“.