საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სხდომა დაიხურა. მოსამართლე ბადრი შონიამ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სხდომის დახურვის შესახებ. სხდომის დახურვის მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი საქმეში არსებული ის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები გახდა, რომლებშიც, მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ. მოსამართლის განცხადებით, სხდომის ღიაობის შემთხვევაში მათი ვინაობის გამჟღავნება მოხდება, რაც მათი თავისუფლების ხელყოფაა.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც მოსამართლის მიერ იქნა დასახელებული, საქმის მონაწილეების რელიგიურ მრწამსს ეხებოდა. მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლოს ღიაობამ, შესაძლოა, საზოგადოებაში სასულიერო პირების მიმართ არასწორი წარმოდგენა შექმნას.
აღნიშნულ არგუმენტს არ დაეთანხმა საპატრიარქოს იურისტი. ედიშერ ქარჩავას თქმით, სხდომის საჯაროობა საპატრიარქოს იმიჯს საფრთხის ქვეშ არ აყენებს.
ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ საქმის ერთ-ერთ მოწმეზე სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით განხორციელდა რელიგიური შინაარსის მუქარა, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა.
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბრალდებულის უფლებების დარღვევად აფასებს დაცვის მხარე. თავად ბრალდებული დეკანოზი სხდომის საჯაროობას ითხოვდა.
"მე დასამალი არაფერი მაქვს", - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.