საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი მიმართვა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ–ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი!”, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკელი კონგრესმენების მიერ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართვა.
„ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად და ჩვენი მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, 30 კონგრესმენმა, წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა გაუგზავნეს აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საქართველოს მხარდამჭერი წერილი. მიმართვაში ხაზგასმულია ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა, ძალიან დიდი წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის, ისე ეკონომიკური განვითარების გზაზე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო, ოკუპაციიის პრობლემების მიუხედავად, არის მტკიცე მხარდამჭერი ანტიტერორისტული ქმედებებისა და ოპერაციების. წერილში გამოხატულია მხარდაჭერა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისათვის. ბოლო პერიოდში კონგრესმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო – ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, ასევე, ევროროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერის კუთხით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ–ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიმართ იგივე განწყობაა სენატში და ზუსტად ასეთივე სულისკვეთება გააჩნია ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს“, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
საქინფორმი არ იზიარებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის „შეცდომას“, იმიტომ, რომ ამერიკა–საქართველოს 25–წლიანი დიპურთიერთობების მანძილზე 435 კონგრესმენიდან და 100 სენატორიდან მხოლოდ 30–მა გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს, რაც ნიშნავს, რომ აშშ–ის კონგრესის მხოლოდ 5%–მა იცის საქართველოს, როგორც ქვეყნის, არსებობის შესახებ და აქვთ რაღაც წარმოდგენა და დამოკიდებულება მისი პრობლემებისადმი! შესაბამისად, აშშ არ მიიჩნევს საქართველოს პარტნიორად, მით უფრო მნიშვნელოვან პარტნიორად.
თუმცა, კვირიკაშვილმა ეს საქინფორმის გარეშეც იცის და უნებლიედ „ცდება“...