საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. პოლიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ არ დაუკავებია.
მეზობლები ამბობენ, რომ 26 წლის გიორგი შარაშენიძეს კარგად არ იცნობდნენ, რადგან ის ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებლად დედასთან და მეუღლესთან ერთად რამდენიმე კვირის წინ გადავიდა. მეზობლებს მკვლელობის შესაძლო მოტივზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ შარაშენიძეს, სავარაუდოდ, მაშინ ესროლეს, როდესაც შინ დაბრუნებული მანქანას აჩერებდა.
მკვლელობა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 3–დან 4 მაისს ღამით მოხდა. გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. სავარაუდოდ, თავდამსხმელები მას საცხოვრებელ სახლთან ელოდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.