სამართალი
დევნილებს ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდათ

tbilisi.county.courtთბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 20 იანვარს, გვიან საღამოს დაკავებულ დევნილთა სასამართლო პროცესი დასრულდა. ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლემ ნინო შანიძემ ხუთი პირის საქმე განიხილა. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ მანუჩარ სიგუასა და “თავისუფალი საქართველოს” წევრ გია ყრუაშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ირინე ფირცხელიანს, ბელა ხერგიანსა და ჯულიეტა ცინდელიანს კი – 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმები.

სამართალდამცავებმა დევნილები 20 იანვარს თბილისში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტიდან გამოსახლებისას დააკავეს.

დევნილების გასახლებას უკანონდ მიიჩნევს პაატა დავითაია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებული ადამიანების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. დეპუტატი ამბობს, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება. დავითაიას მტკიცებით, სიცრუეა ისიც, რომ 20 000-მდე დევნილს საცხოვრებელი ფართები კერძო საკუთრებაში გადასცეს. არგუმენტად დეპუტატმა მედიას საჯარო რეესტრის ამონაწერები აჩვენა.