საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: არც შევარდნაძეს ეგონა 2000 წელს და არც სააკაშვილს 2008 წელს, რომ მათ ხელისუფლებას რამე ემუქრებოდა

   საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი.  ამის შესახებ სანდრო ბრეგაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

„ქართულმა ოცნებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა. ახლა დადგა ჟამი ოცნების ხელოვნურად შენარჩუნებისა. სხვათაშორის 2000 წლის შემდეგ 3 წელი მოქალაქეთა კავშირის მმართველობას და 2008 წლის შემდეგ 3 წელი ნაციონალური მოძრაობის მმართველობასაც ხელოვნურად ინარჩუნებდნენ, ეს გახლდათ მაშინდელი მმართველების ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მათთვის და მათი პარტიებისთვის რითაც დასრულდა კარგად მოგეხსენებათ. მმართველი გუნდის ხელოვნურად შენარჩუნება ყოველთვის ერთ შედეგს იძლევა. ამიტომ არ ვურჩევდი არავის, რომ მანამდე სანამ მოქკავშირის და ნაცების მსგავსად ბოლომდე არ დალპება ხელოვნურად შეინარჩუნონ მმართველი ძალა. არც შევარდნაძეს ეგონა 2000 წელს და არც სააკაშვილს 2008 წელს, რომ მათ ხელისუფლებას რამე ემუქრებოდა. საქართველოს მმართველთა ყველაზე დიდი შეცდომა ყოველთვის იყო, რომ ისტორიის გაკვეთილებიდან არაფერს სწავლობდნენ. დღეს თუ ოცნებას ვინმე ერთგული და ჭკვიანი მრჩეველი ჰყავს აუცილებლად უნდა ურჩიოს ხავერდოვნად წასვლა, ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება და მმართველი პარტიისთვისაც. უძლეველი არავინაა, ხოლო მარადიული მხოლოდ ღმერთია. მე ჩემი კეთილი რჩევა გითხარით და თქვენ რას იზამთ, ეს თქვენზეა. ცვლილებები თავისთავადაც მოვა, მთავარია რამდენად მტკივნეული იქნება ეს ცვლილებები“, - წერს ბრეგაძე.