უცხოეთი
ქართულ დიასპორას აქციაში „უკვდავი პოლკი" მონაწილეობისთვის იწვევენ

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" განცხადებით, აქციაში „უკვდავი პოლკი" მონაწილეობისთვის დაიწყო ქართული კოლონის ჩამოყალიბება, აღნიშნულია ორგანიზაციის ვებ-გევრდზე.

აქციაში „უკვდავი პოლკი" მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს. „ერთად მივაგოთ პატივი ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირებს!" — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. აქცია „უკვდავი პოლკი" გამარჯვების დღეს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ტარდება — ეს არის მსვლელობა, რომლის დროსაც ადამიანებს მიაქვთ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ნათესავების ფოტოები. პირველი ასეთი აქცია ტომსკში 2011 წელს გაიმართა. ვეტერანთა საქმეების საქართველოს სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველომ ფრონტზე გაგზავნა 700 ათასი მეომარი, აქედან, შინ დაბრუნდა მხოლოდ 300 ათასი. ათობით ათასი ადამიანი დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოებით, 167 გახდა საბჭოთა კავშირის გმირი. ყველაზე ცნობილი — უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993 წლები) იყო, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად, 1945 წლის მაისში რეიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.