პუბლიკაციები
უამრავი ხარვეზი ქონდა კონსტიტუციას - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ქვეყნის მთავარი კანონი და საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ინიციატივები - ცვლილებათა პროექტს მედიას აცნობს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა პარლამენტის ეგიდით იყო სწორი გადაწყვეტილება. რადგან ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი სწორი ფორმატი იყო საპარლამენტო ფორმატი, ერთადეთი ორგანო, საიდანაც შეიძლება მოხდეს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, არის პარლამენტი.

კობახიძე ამბობს, რომ კომისია, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ შეიქმნა, ბოლო 25 წლის განმავლობაში იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული. 

„ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული თითოეული შეხვედრის მიზანი და ამოცანა, რაც არ გვახსოვს ჩვენ წინა კომისიების პრაქტიკიდან და ეს ყველაფერი აისახა კომისიის მუშაობაზე. კერძოდ, კომისიის თითოეულმა წევრმა იცოდა კომისიის სხდომაზე რისთვის მოდიოდა, რა იყო კომისიის მიზანი, ამან განაპირობა ძალიან მაღალი დასწრების მაჩვენებელი და ძალიან აქტიური დისკუსიები. კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული რაც კი ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში,“- განაცხადა კობახიძემ. 

მისივე თქმით, კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი გადასინჯულია და ამ ცვლილებების 80-85% ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს ეფუძნება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ჰქონდა სამი ძირითადი მიზანი, პირველი - კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე, გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა.  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონსტიტუციის სამართლებრივად გამართვა იყო. 

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე 40 000 ლარი დაიხარჯა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებულ კონსტიტუციას უამრავი ხარვეზი ქონდა.