საზოგადოება
“რომ არა ეს ორი ქართველი, გამარჯვების აღლუმს პუტინი კი არ ჩაატარებდა მოსკოვში, არამედ მერკელი - ბერლინში!“ - არჩილ ჭყოიძე

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. „9 მაისთან დაკავშირებით საქართველოში დიდი აურზაურია ატეხილი. ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ზომიერების გრძნობის გარეშე და აჟიოტაჟით განიხილავს საკითხს, რომელსაც ცივი გონებით და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით განსჯა ესაჭიროება, და არა მოტოციკლების გრუხუნში ერთმანეთის ხმის გადაფარვით ბღავილი…
პრორუსული ფრთა გამოდის და პუტინისებურად აპირებს ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნას, ხოლო პროდასავლური ფრთა საერთოდ ლაფში თხვრის 350 ათასი ადამიანის გმირულ თავგანწირვას, რითაც პირდაპირ ასხამს წყალს პუტინის და კრემლის წისქვილზე და განამტკიცებს მითს იმის შესახებ, რომ ფაშიზმი მხოლოდ რუსმა ხალხმა დაამარცხა, თუმცა მათი წვლილის დაკნინებას არც არავინ აპირებს. 
 ფაშიზმზე გამარჯვებას თითქმის მთელი მსოფლიო პომპეზურად აღნიშნავს, ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც სულ მცირეოდენი წვლილი აქვთ შეტანილი ფაშიზმთან ბრძოლაში. ამ დროს საქართველოში, რომელმაც 300 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში, არ გვინდა ვისაუბროთ ამ ომზე, ვივიწყებთ შინმოუსვლელებს და იმ სიმტკიცეს, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოიჩინა იმ მძიმე წლებში. 
რაც შეეხება პუტინს და კრემლს: ჩვენს ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს, პომპეზურად უნდა აღნიშნოს 9 მაისი, როგორც ფაშიზმთან გამარჯვების დღე და ამით მსოფლიოსაც და, მათ შორის, რუსებსაც კარგად უნდა გაახსენოს, რომ იმ ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვება დიდწილად განაპირობა, ერთი მხრივ, იოსებ სტალინისადმი ხალხის რწმენამ, უშუალოდ მისმა სიმტკიცემ და მოკავშირეებს შორის პოლიტიკურმა ავტორიტეტმა, ხოლო მეორე მხრივ - ქართველი მარშალის ლავრენტი ბერიას აგენტურის ძლიერმა ქსელმა. რომ არა იმ პერიოდის ეს ორი ქართველი პოლიტიკოსი, საბჭოთა კავშირი, რომელიც დღეს რუსეთთან არის გაიგივებული, სამამულო ომს ვერ მოიგებდა და გამარჯვების აღლუმებსაც პუტინი კი არ ჩაატარებდა მოსკოვში, არამედ მერკელი - ბერლინში!

ფაშიზმზე გამარჯვებას თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს - ის ქვეყნებიც კი, რომლებმაც ფაშიზმთან ბრძოლაში ძალზე მცირე წვლილი შეიტანეს. და ამ დროს საქართველოში, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში 350 ათასზე მეტი შვილი დაკარგა, ამ ომზე ლაპარაკიც არ სურთ, ავიწყდებათ შინმოუსვლელები და ის სიმტკიცე, რომელიც ჩვენმა ხალხმა იმ წლებში გამოიჩინა!
P.S.
სანამ ჩვენი ერის, ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის დაფასებას და პატივისცემას არ ვისწავლით, მანამდე გამორიცხულია, ჩვენმა ქვეყანამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს!”, - წერს ერეკლე მეორის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე.