საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი.
ფასდაუდებელია გავლენა, რომელიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე და დემოკრატიული საქართველოს განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიან ისტორიაზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს აშშ-ში სწავლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
„1995 წელს პირველად გავიცანი ამერიკა. იმ წელს, კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის პროფესორი, სილიკონის ველის კონცეფციის სულისჩამდგმელი და სილიკონის ველის ბანკის დამფუძნებელი რობერტ მედირისი,ჯორჯ შულცთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, რათა აქ დაეარსებინა აშშ-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის პირველი პროგრამა, რომელსაც პირველ წელს ერქვა საქართველოს ბიზნესტრენინგის პროგრამა და მეორე წელს - საქართველოს საბანკო საქმის ტრენინგის პროგრამა, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა. მე წილად მხვდა პატივი და შეიძლება ითქვას, რომ უფრო გამიმართლა, ვყოფილიყავი იმ ათ ქართველ სტუდენტს შორის, რომლებიც სამოქალაქო ომისა და ნგრევის შემდეგ პირდაპირ აშშ-ში ჩავიდნენ. ძალიან რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რომლებიც ჩვენ ყველას, ამერიკაში ჩასვლისთანავე დაგვეუფლა. ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტში ვესწრებოდით ლიდერობის, საბაზრო ეკონომიკის ლექციებს. შემდეგ დაგვაწყვილეს და გაგვაგზავნეს სხვადასხვა ქალაქში, ზოგი - ლოს-ანჟელესში, ზოგიც - სან-ფრანცისკოში. ორი ჩვენგანი კი, ჩემი ჩათვლით, აღმოვჩნდით ფრეზნოში, კალიფორნიის შტატის სოფლის მეურნეობის ცენტრში. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ხუმრობდა კიდეც - კახეთიდან ჩამოვედი აქ, ვენახებით გარშემორტყმულ ადგილას. ჩვენ ვეხუმრებოდით, რომ ეს ადგილი ზუსტად მასზე იყო მორგებული. ხუმრობის გარეშე კი მინდა ვთქვა, რომ იქ შეძენილი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს საბანკო კარიერაში, რადგან ის დაკავშირებული იყო სასოფლო-სამეურნეო სესხებთან. როდესაც დავბრუნდი, დავრწმუნდი, რომ ამ გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს კარიერაში“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სწორედ იმ ორი თვის განმავლობაში მიიღო აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილება.
გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა, რომ 1997 წელს დაკმაყოფილდა მისი განაცხადი, ედმუნდ მასკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
„ეს იყო სპეციალური სამეცნიერო და საფინანსო სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მე წელიწადზე ოდნავ მეტი გავატარე ილინოისის უნივერსიტეტში, კერძოდ ურბანა-შამპეინში, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ამერიკული უნივერსიტეტი და ეს გამოცდილება მართლაც უნიკალური აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. როდესაც ჩავედი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სწორედ იქ იწყებოდა ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. შევიძინე მეგობრები მთელი მსოფლიოდან. ვესწრებოდი ლექციებს, რომლებმაც მომცა ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც იმ დროს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბევრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ გვასწავლიდნენ საუკეთესო პროფესორები, ხოლო ილინოისის უნივერსიტეტი ცნობილია იმით, რომ მას ძალიან ხშირად სტუმრობენ წამყვანი ამერიკული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ამ გამოცდილებას მე არასოდეს დავივიწყებ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აშშ-ში სუხიშვილების დასის ამერიკული ტურნე გაიხსენა, რომელზეც, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით, უცხოელი თანაკურსელები და მეგობრები დაპატიჟა.
„უცხოეთში ყოფნისას ჩვენ ვიქცევით ჩვენი სამშობლოს ელჩებად. მაგალითად, გავიხსენებ დროს, როცა მსოფლიოში ცნობილი სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და კრენერტ ცენტრში გამოდიოდა, და ჩემი 16 თანაკურსელი და უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებიც, ჩემი მეგობრები, დავპატიჟე კონცერტზე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ეს საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობრები უნდა იცნობდნენ ჩემი ქვეყნის კულტურას. არასდროს მინანია, რომ ისინი იმ დღეს კონცერტზე დავპატიჟე, მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათზე ამ კონცერტთან დაკავშირებული დავალიანების დასაფარად რამდენიმე წელი დამჭირდა. მიუხედავად ამისა, ეს იყო უნიკალური გამოცდილება. მახსოვს, ცრემლმორეული, რა სიამაყით ვუყურებდი, როგორ ეზიარებოდნენ ჩემი მეგობრები ქართულ კულტურას. ბევრი მათგანი ამ კონცერტის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. გარდა ამისა, ეს პროგრამა იყო უნიკალური გამოცდილება, რადგანაც მან მომცა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მე შემდეგ გამოვიყენე ჩემს კარიერაში, არა მარტო საბანკო სექტორში, არამედ კონსულტანტის სტატუსითაც, როცა კონსულტაციებს ვუწევდი სხვა ქვეყნებს საპენსიო სისტემის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასა და საფინანსო სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით; ასევე - ჩემს პოლიტიკურ კარიერაშიც, როცა გავხდი პარლამენტარი და, რასაკვირველია, როცა გავხდი ეკონომიკის მინისტრი და ჩავები ამ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა საქართველო სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან დინამიურ, სწრაფი განვითარების გზაზე მდგარ, დემოკრატიულ, დასავლურ სახელმწიფოდ გარდაქმნილიყო.
პრემიერმა ასევე, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და საქართველოს ბოლო წლების მიღწევებზე ისაუბრა.
„დღეს საქართველო არის აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე. დღევანდელი საქართველო სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ის წარმოადგენდა 20 წლის წინ. ყველა სფეროში მიღწეულია სერიოზული პროგრესი, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით და დამთავრებული ეკონომიკით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებათა დაცვით. ეს მიღწევები იოლად არ მოგვეცა. ჩვენ გააფთრებული ბრძოლა გვიწევდა ბევრი ძალის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, როგორც გარეთ, ისე შინ, რომლებიც ცდილობდნენ ამ პროცესების შეფერხებას. ჩვენმა ერთგულმა ამერიკელმა მეგობრებმა კი ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. მართალია, წინ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახსენო დიდი მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს თანადგომისთვის ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში, აქტიური მხარდაჭერისა და წვლილისთვის საქართველოს წარმატების ისტორიის ხორცშესხმაში. მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველოში არასოდეს განელებულა სწრაფვა მშვიდობისკენ როგორც შინ, ისე მთლიანად რეგიონში. სწორედ ეს არის ის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამერიკასთან. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უდიდესი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებისთვის და ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც იზიარებს ამერიკის ღირებულებებს და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ვართ რთულ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მაგალითი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა საგანანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისა თუ სტიპენდიის დაწესების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის, რომელთა მიზანია, საქართველოს ჰყავდეს მომავალი ლიდერები. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეთა უზარმაზარი ქსელის ყველა წევრი, აშშ-საქართველოს ურთიერთობების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მამოძრავებელი ძალაა.
ფორუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს, რომელიც პრემიერმა 22 წლის წინ, ეკონომიკის სფეროში აკადემიური ხარისხით დაასრულა. გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ში წლების შემდეგაც უცვლელ სტუდენტების ენთუზიაზმსა და ლექტორების აკადემიურ შემართებას მიესალმება და მოხარულია, რომ უნივერსიტეტი მუდმივად იცვლება და თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრად ყალიბდება.
აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართეს თსუ-ს რექტორმა გია შარვაშიძემ და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ. ღონისძიებაში აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში კენეტ იალოვიცი და რიჩარდ მაილსი მონაწილეობდნენ.