პოლიტიკა
ნატოს მისია ავღანეთში ქართული კონტინგენტის ხარჯზე გაფართოვდება? - საქინფორმი

   საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესაძლო გაფართოების შესახებ, - გადმოსცემს Welt am Sonntag.

ნატოს გენმდივანმა “მისიის გაფართოება” ავღანეთში ვითარების დაძაბულობის ზრდით დაასაბუთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება, შესაძლოა, 2017 წლის ივნისამდე იქნეს მიღებული.

სტოლტენბერგმა, აგრეთვე, რწმენა გამოთქვა, რომ ალიანსის პოტენციალი მეტია, ვიდრე მისიები ავღანეთსა და ერაყში, და იორდანიასა და ტუნისთან ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესაძლო განვითარების შესახებ განაცხადა.

საქინფორმი: როგორც ცნობილია, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში საქართველოა, რომელიც ისწრაფვის, ფრიადზე ჩააბაროს ნატოში მისაღები გამოცდები. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ნატოს მისიის გაფართოება ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდის ხარჯზე მოხდება, რომლის დამსახურებებს ნატოს მისიებში ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში, ნატოსა და აშშ-ის ყველა ხელმძღვანელი თავის ყოველ გამოსვლაში აღნიშნავს.