როგორც საქინფორმთან საუბრისას „მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ სერგო ჯავახიძემ განაცხადა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარისგან ისინი პარტიის ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემას მოითხოვენ.
„ჩვენ მივმართეთ საგადასახადო სამსახურს და ის ფინანსური დოკუმენტაცია ამოვიღეთ, რომელიც ამ უწყებაში იყო აღრიცხული. პირველადი მონაცემებით, სახეზე სერიოზული ფინანსური დარღვევებია, რის გამოც სასამართლოს დღესვე მივმართავთ. რადგან ნოღაიდელი ფინანსურ დოკუმენტაციას მალავს, სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ სხვა ბევრი ფინანსური დარღვევაც ექნება“, – განმარტა ჯავახიძემ.საქინფორმი ნოღაიდელის ოფისსაც დაუკავშირდა, თუმცა ექსპრემიერი და მისი თანაგუნდელები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერს თანაპარტიელები შარშან მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათი განმარტებით, პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნოდ ჩატარებული „კარდაკარის“ პროგრამის მონაწილეებს კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა. წლის ბოლოს ჯავახიძის ფრთამ იუსტიციის სამინისტროს მოძრაობის ახალი გამგეობის დარეგისტრირების თხოვნითაც მიმართა, რომელიც უწყებამ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ნოღაიდელი მოძრაობის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს, მის ადგილზე კი განდგომილი ფრთის ლიდერი სერგო ჯავახიძე აირჩიეს.