აქტუალური
ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და რუსული პროპაგანდა ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინის მოხსენებაში

   საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებენ, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა პროგრეს ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ალიანსის გაფართოების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ.

შაჰინი ამბობს, რომ ნატოში მონტენეგროს მიღებით და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ნატოს გაფართოების იმედი არსებობს. სენატორმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილ წვლილსაც.

ჯინ შაჰინი მოხსენებით წარდგა და  რუსეთის მიერ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამოსაძიებლად კომისიის შექმნა და სანქციების დაწესებაც მოითხოვა.

სენატორი განმარტავს, რომ პარტიული დაყოფა და ადმინისტრაციის მხრიდან ამ ჩარევის უარყოფა საშუალებას აძლევს რუსეთს, იგივე გაიმეოროს. შაჰინის თქმით, არჩევნებში რუსეთის ჩარევას არა მხოლოდ ტრამპი, რესპუბლიკელთა 64% უარყოფს.

სენატორ შაჰინის მიერ წარდგენილი სტრატეგია რუსეთის წინააღმდეგ 4 კომპონენტისგან შედგება. ეს არის ახალი სანქციების დაწესება მოსკოვის წინააღმდეგ, რასაც ჯონ მაკკეინის და ბენ კარდინის კანონპროექტი ითვალისწინებს; უკრაინის დახმარება და მის მიმართ უფრო ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება, კრემლის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდასთან ბრძოლა და ნატოს მომავალ სამიტზე რუსეთისთვის ოფიციალურად პასუხის მოთხოვნა საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დარღვევისთვის.

სენატორმა შაჰინმა ყურადღება რუსულ პროპაგანდაზეც გაამახვილა და ხაზი გაუსვა მაუწყებელთა ეროვნული საბჭოს დახმარების აუცილებლობას, რათა, მისი თქმით, რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ, საზღვარგარეთ გასული ამერიკული გადაცემებით სწორი ინფორმაციის გავრცელება იყოს ხელშეწყობილი.