„შავი ოქროს“ ფასი ზრდას განაგრძობს
საერთაშორისო ბირჟებზე ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება თითქმის ყოველდღიურად მატულობს. 2011 წლის 19 იანვრის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი 0,19 დოლარით გაიზარდა და ოფიციალურად შეადგინა 93,99 დოლარი ბარელზე. ექსპერტების აზრით, ფასის მატება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და, სავარაუდოდ, ას დოლარს გაუტოლდება. ეს ბოლო 3 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ოპეკის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდა სეზონურია და, შესაბამისად, დროებითია. სეზონურობის გარდა, "შავი ოქროს" გაძვირება ჩინეთსა და ინდოეთში ნავთობზე მოთხოვნის გაზრდასაც უკავშირდება. 2010 წელს ჩინეთმა 239.31 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტი განახორციელა, რაც 17,5 პროცენტით აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით აქ საწვავის გაძვირება არ იგეგმება. მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატების ერთ-ერთ მიზეზად უპრეცედენტოდ ცივ ევროპულ ზამთარსაც ასახელებენ. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობის ფასების მატება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის - ევროსთან მიმართებაში დოლარის ვარდნითა და უპრეცედენტოდ ცივ ზამთართან დაკავშირებით, რომელიც ნავთობის მოხმარებას მკვერთად ზრდის.
ცნობისთვის, 2010 წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 77.45 დოლარი ბარელზე. ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელია 140.73 დოლარი ბარელზე, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.