პუბლიკაციები
მიმოწერა სუს-სა და შსს-ს შორის - სესიაშვილის შვილის საქმის დოკუმენტები

   საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2", სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შემდგარი მიმოწერის ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილს ეხება.
ექსკლუზიური დოკუმენტების მიხედვით, 2015 წლის 5 მარტს შს სამინისტროში შევიდა შეტყობინება მოქალაქე ჯანო ბერაიასგან იმის თაობაზე, რომ თბილისში, სიონის ქუჩა ნომერ 13-თან გაჩერებული ავტომანქანიდან მოიპარეს მისი მეგობრის, თამარ წილოსანის ხელჩანთა. მომხდარ ფაქტზე იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.

ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილის, 20 წლის დავით სესიაშვილის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-მა დასანიშნი კანდიდატის, დავით სესიაშვილის სტანდარტული შემოწმების ფარგლებში, მისი თითის ანაბეჭდების დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა.

ამ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები 2015 წლის 5 მარტს თბილისში, თამარ წილოსანის ხელჩანთის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების დროს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდების იდენტურია.

გაცნობებთ, რომ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში, 2017 წლის 2 თებერვალს განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღები კანდიდატის 1997 წლის 29 იანვარს დაბადებული დავით ირაკლის ძე სესიაშვილის დაქტილოსკოპირება.

ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დავით ირაკლის ძე სესიაშვილის ხელის ანაბეჭდი იდენტურია 2015 წლის 5 მარტს ქალაქ თბილისში სიონის ქუჩა 13-თან ავტომანქანიდან ჩანთის ქურდობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის ორი კვალის,“ - წერია დოკუმენტში.

2017 წლის 24 თებერვალს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის გიორგი ხაჟალიას მიერ ხელმოწერილ წერილში ნათქვამია, რომ ამ საქმეზე დავით სესიაშვილი დაკითხული იყო მოწმის სახით.