საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალციხის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ხელმოწერილია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ. „ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შედიოდა კომისიაში, დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის, სამწუხაროდ, აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი თავის გამოსვლაში პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო.
„გაუგებარი მიზეზით ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება ამომრჩეველს და მომავალი ვერსიით პრეზიდენტს აირჩევენ გარკვეული ხმოსნები. ძალიან ნათლად მინდა გითხრათ, არასდროს კონკრეტულად მე არც არავის არ შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.