საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის მიმართ შესაძლო პროვოკაციაზე ლაპარაკობს. მისი აზრით, პროკურატურამ ელისო კილაძე პროკურატურის დაცვის პროგრამაში უნდა ჩასვას.
„მესმის მისი, როგორც დედის წუხილები, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობს, შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და სოსო გოგაშვილს დაუკავშიროს. ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და ეს გამოიყენონ სუს-ის და გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა, პროკურატურამ განიხილოს ქალბატონი ელისოს დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. თუმცა კილაძემ მაშინვე უარი განაცხადა მისთვის პირადი დაცვის გამოყოფაზე.