საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. “რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირი" 9 მაისისთვის საქართველოში პერფორმანსს გეგმავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იგეგმება რუსი ბაიკერების ჯგუფის – “ღამის მგლების“ თბილისში ჩამოსვლაც, მაგრამ ჯერ საქართველოს ხელისუფლებისგან ირაკლი ყიფიანი გარანტიებს ელოდება, რომ გეორგიევსკის ბაფთებით აღჭურვილ ღამის მგლებს საქართველოს მოქალაქეები პრობლემებს არ შეუქმნიან.
“9 მაისისთვის თბილისში პერფორმანსია დაგეგმილი. 13 მაისს კი 11 კაცი მივფრინავთ მოსკოვში, სადაც მიწვეული არიან იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში, იქნება ინტელექტუალური თამაშები და სხვადასხვა ღონისძიება“, - ამბობს ირაკლი ყიფიანი. მისი თქმით, ღონისძიებას მოსკოვის მერია უწევს ორგანიზებას, საქართველოდან კი „აქტიურ ახალგაზრდებს“ ეპატიჟებიან.
“აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ, რომ დალაგდეს ეს ქვეყანა, რომელსაც პატრონი არ ჰყავს და არც ეყოლება. ვატყობთ ხო, სად მიხეილ სააკაშვილის დროს და სად ბიძინა ივანიშვილი რაც მოვიდა ხელისუფლებაში, ეს ლანძღვა-გინების რიტორიკა რომ დასრულდა. თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენს დაკომპლექსებულ პოლიტიკოსებს საუბრის ეშინიათ, რუსეთში ვერ ჩადიან, რადგან არც ლავროვის გამოცდილება აქვთ და არც განათლება, იმიტომ რომ ლავროვი შემდგარი პოლიტიკოსია და ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც იმან თქვა ამან თქვას დონეზე განიხილავენ გლობალურ პოლიტიკას“, - ამბობს ყიფიანი. მისი თქმით, რამდენიმე სამინისტროში წერილიც აქვს გაგზავნილი, რომ გეორგიევსკის ბაფთებით აღჭურვილ ბაიკერებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.