პოლიტიკა
სააკაშვილის მეგობარი ფადი ასლი ხშირად აკეთებს ანტისამთავრობო პოლიტიკურ განცხადებებს

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ინვესტორთა 12-კაციანი ჯგუფის პრემიერთან და მინისტრებთან წინასწარ დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე პარლამენტში ეხმაურებიან.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის რიტორიკა ოპოზიციური პარტიის ლიდერის გამოსვლებს დაემსგავსა.

ეს ადამიანი ბიზნესმენიდან გადაიქცა ოპოზიციონერ პოლიტიკოსად. მას აქვს გეგმა, რომ თვეში ერთხელ მთავრობა გააკრიტიკოს და ამას აკეთებს კიდეც“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მიერ პოტენციური ინვესტორებისადმი გამოვლენილი დამოკიდებულება საერთაშორისო დონეზე გაგზავნილი უარყოფითი სიგნალია.

გაუშვეს ქვეყნიდან სიგნალი, რომ აქ, საქართველოში, თუ კარგ დამოკიდებულებაში არ ხარ პრემიერმინისტრთან ან ბიძინა ივანიშვილთან, ვერასოდეს ვერაფერს ვერ გააკეთებ და ამით დარტყმა მიაყენეს არა მხოლოდ ამ ბიზნესმენებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ელოდება სამუშაო ადგილის შექმნას“, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფადი ასლის განცხადებით, 12 გავლენიანი ბიზნესმენი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის რეგიონულ კონგრესზე დასასწრებად ჩამოვიდა, თუმცა მათ პრობლემები, ფადი ასლის განცხადებით, ჯერ კიდევ აეროპორტში შეუქმნეს, როდესაც 2 საათის განმავლობაში საზღვრის გადმოკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ.