საზოგადოება
საპროტესტო აქცია ენგურის ხიდთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

   საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 26 აპრილს, ენგურის ხიდზე საპროტესტო აქცია გაიმართა - როგავების ოჯახი სოფელ რიყეში ოკუპანტების მიერ დაკავებული  პაატა და არჩილ როგავების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა დარეჯან როგავა დააკავეს. ამ ფაქტს მისი ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა და დაკავებულის დედა და მცირეწლოვანი შვილი პროტესტის ნიშნად პოლიციის მანქანის წინ დაწვნენ. თავად დარეჯან როგავა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა გზის ჩაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც სამართალდამცველებსა და როგავების ოჯახს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგავების ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლება არანაირ ზომებს არ იღებს დაკავებულების გასათავისუფლებლად და ისინი იძულებული არიან, პროტესტის ამ ფორმას მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის პაატა როგავა და 59 წლის არჩილ როგავა სოფელ რიყედან 20 დღის წინ გაიტაცეს.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, სოფელ რიყეში 20 დღის წინ დაკავებული 25 წლის პაატა როგავა და 59 წლის არჩილ როგავა უკვე გაათავისუფლეს.