საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა 26 აპრილს საგარეჯოსა და გლდანში იძულებითი გამოსახლება შეაჩერეს.
გლდანში მცხოვრებმა გეგეშიძეების ოჯახმა კერძო მევახშისგან სესხად აიღო 55 000 აშშ დოლარი, საიდანაც უკვე გადახდილი აქვს 15 000 აშშ დოლარი, თუმცა მევახშე მისგან არარეალურ თანხას - 75 000 აშშ დოლარს მოითხოვს, ხოლო სართიჭალაში მცხოვრებმა სეფისკვერაძეებმა კერძო მევახშისგან ისესხეს 11 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 000 უკვე გადახდილი აქვთ. ამის მიუხედავად, მევახშე ითხოვს 27 000 აშშ დოლარს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სეფისკვერაძეებს არ მიეცათ თანხის გადანაწილების და ვალდებულების გადახდის შესაძლებლობა.
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ ომანიძისა და აღმასრულებელი მდივნის თენგიზ ჯგუშიას ჩარევისა და პროტესტის შემდგომ, ორივე ოჯახისთვის აღსრულება რამდენიმე თვით გადაიდო.