პოლიტიკა
დღეს დროებით საცხოვრებელს 100–ზე მეტ დევნილ ოჯახს დაატოვებინებენ

gamosaxleba3დევნილების გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

გამოსახლება ვაჟა ფშაველას მესამე მიკრორაიონში მდებარე სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობიდან, ასევე, ყაზბეგის გამზირზე მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდქალაქისა და ყიფშიძის #34-ში მდებარე შენობებიდან მიმდინარეობს.

სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობიდან – 42, ყაზბეგის გამზირიდან – 44, ხოლო ყიფშიძის ქუჩიდან 24 დევნილ ოჯახს ასახლებენ.

დევნილები ამტკიცებენ, რომ მათი უმრავლესობისთვის ალტერნატიული ფართი სახელმწიფოს არ შეუთავაზებია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა მათგანისთვის ფართები გამოყოფილია.

აღნიშნულ შენობებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რომლებსაც შენობებზე ალყა აქვთ შემორტყმული და იქ არავის უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი თბილისსა და რეგიონებში ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაიწყო, რასაც დევნილების სერიოზული პროტესტი მოჰყვა. გასული წლის შემოდგომაზე რამდენიმე დევნილმა სამინისტროს შენობის წინ პირი ამოიკერა და შიმშილობდა, აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ კი უწყების წინ თავი დაიწვა და გარდაიცვალა. გამოსახლება წელს კვლავ განახლდა. დევნილები გუშინ ბაგებში მდებარე სტუდქალაქსა და ორხევის დასახლებაში მდებარე საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობებიდან გამოასახლეს.