უცხოეთი
აშშ უკრაინისთვის დახმარების 70%–ით შემცირებას გეგმავს

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წელს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 69%-ით შემცირებას გეგმავს,-ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ბიუჯეტის დოკუმენტის ტექსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, თავდაპირველად უკრაინისთვის $ 570 მილიონის გამოყოფა იყო დაგეგმილი, მაგრამ მოგვიანებით ეს თანხა $ 177 მილიონამდე შემცირდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამო მიიღეს.

დოკუმენტი ასევე სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების შემცირებას ისახავს მიზნად. თებერვლის ბოლოს, საინფორმაციო სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის $ 54 მილიარდით გაზრდას გეგმავდა.

მარტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თეთრი სახლის მიერ საგარეო პოლიტიკაში საერთაშორისო ფინანსური დახმარების 37%-ით შემცირებას დათანხმდა.

3 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ფინანსური დახმარების გაწევას გეგმავდა. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუნახევრდა. 2016 წელს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროქტის მიხედვით, უკრაინისთვის $ 300 მილიონი იყო გათვალისწინებული.