საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს, მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე განიხილა.
„პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს - მაგალითად, სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ. ასევე, პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, შიდა ავიაციის სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დღგ-სა და აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებლად, ასევე - სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას“, - განაცხადა პრემიერმა.