სამართალი
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა.

საქმე ეხება ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების, მოტყუებით დაუფლების მცდელობას.

სამივე დაკავებულს წარედგინა ბრალდება - თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს: გ.ხ-ს, ვ.ბ-ს და ჯ.შ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.