საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. 2017 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის - 12 აგვისტოს დიდი გამარჯვების დღედ და უქმედ გამოცხადების შესახებ. მაგრამ ამის შემდეგ კანონპროექტი შეაჩერეს. როგორც მისი ერთ-ერთი ავტორი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ქართული ოცნებიდან” ნუკრი ქანთარია ამბობს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩომ “მეგობრულად სთხოვა” (საქინფორმის ინფორმაციით კი - თავს უფლება მისცა, მოეთხოვა საპარლამენტო უმრავლესობის - მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის”), “არ მიეღოთ კანონპროექტი დღევანდელი სახით, იმიტომ რომ დიდგორი - მათი დამარცხების დღეა და ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ორმხრივ ურთიერთობაში უსიამოვნება შემოიტანოს”.
ქანთარიას თქმით, “თურქეთი დიდი ქვეყანაა და მას ანგარიში უნდა გავუწიოთ”, მაგრამ ის კანონპროექტს არ გაიწვევს. მეორე მოსმენით მას მომდევნო კვირას განიხილავენ და გაირკვევა - დაუთმობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება თურქეთის “თხოვნას” (მოთხოვნას). წააგებს თუ არა “ქართული ოცნება” საქართველოს ისტორიაში უდიდეს ბრძოლას, რომელშიც 1121 წლის 12 აგვისტოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელმა გაიმარჯვა, რის შემდეგაც საქართველოს ოქროს ხანა დაიწყო?
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სამართლიანად მიიჩნევს, რომ ეს ტესტია - რამდენად ადვილად შეიძლება ქართველების მოთოკვა აუცილებლობის შემთხვევაში: “თავად ფაქტი, რომ თურქეთი ბედავს, ჩაერიოს იმაში, რომელ დღეს იზეიმებენ საქართველოში, მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ჩვენ მიმართ. ეს უფრო ვასალისადმი მიმართვაა, ვიდრე პარტნიორისადმი. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ის კი არ უნდა ვიზეიმოთ, რითაც ვამაყობთ, არამედ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი ავაშენოთ. თუმცა, ისტორიულად აზიზიე დიდგორის საპირისპირო გახლდათ!
ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო ნოტა უნდა გაეგზავნა თურქეთისთვის იმის შესახებ, რომ ჩარევა ჩვენს შეურაცხყოფას ნიშნავს. როგორ შეიძლება, უცხო ქვეყანა ერეოდეს იმაში, რა დღესასწაულებს შემოვიღებ ჩემთან? ამის შემდეგ ქართული ხელისუფლების რეაქცია - თვალების დახუჭვა, კაპიტულანტური განცხადებები - უბრალოდ, გაუგებარია. თურქეთისთვის ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - რომ საქართველოს ხელისუფლებასთან “მუშაობა” შეიძლება, რომ მათ, ფაქტობრივად, საქართველოში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, იმიტომ რომ ხელისუფლება კაპიტულანტივით იქცევა!
ჯერჯერობით გვამოწმებენ, რათა გაარკვიონ, როგორი ტაქტიკა უნდა შეარჩიონ ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებისთვის გლობალური დაპირისპირების პირობებში. ეს ძალიან სახიფათო გზაა. ყველაზე უარესი კი ის არის. რომ ხელისუფლება ამაზე საერთოდ არ ფიქრობს”, - დაასკვნა ხუხაშვილმა.