საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ინტერნეტ-პეტიციაზე მოთხოვნით - ცნობილ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს. საქმე ეხება მის გამონათქვამებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ გასული საუკუნის 70-იან წლებში. საქართველოს ამასწინანდელი მონახულების დროს პოზნერმა თავისი დასკვნები ტელეარხ “იმედს” გაუზიარა.
ქვემოთ პეტიციის სრულ ტექსტს გთავაზობთ:
“2 აპრილს ტელეარხ “იმედის” ეთერში რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ პოზნერმა საქართველოს კანონები და ჟურნალისტური ეთიკა დაარღვია და ზღაპრებს მოჰყვა 1970-იან წლებში მისი საქართველოში ყოფნის დროს ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობაზე.
მან გაიმეორა ის, რასაც პროგრამა “საღამოს ინტერვიუში” ამბობდა ბალტიის პირველ არხზე 2014 წლის 20 მარტს, სადაც თავს ეთნიკური ქართველებისა და ეთნიკური აფხაზების შეურაცხყოფის უფლება მისცა. მუშაობის ასეთი გამოცდილების მქონე ჟურნალისტმა უნდა იცოდეს ეთიკური ნორმების შესახებ, რომლებსაც პროფესიონალები უნდა იცავდნენ, მათ შორის - მტრობის ენის გამოყენების აკრძალვის შესახებ.
როგორც ჩანს, ვლადიმერ პოზნერი დაჟინებით იყენებს სიტყვის თავისუფლების ულებას, რათა თავისი გამონაგონი საზოგადოებრივ აზრს თავს მოახვიოს და დაამციროს ერთ-ერთი მხარე კონფლიქტისა, რომლის წარმოშობაში რუსეთის ფედერაციის ხელი ურევია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ეროვნებათაშორისი მტრობის გაღვივებისთვის სასჯელს ითვალისწინებს.
ჩვენ მოვითხოვთ ვლადიმერ პოზნერისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვას, და რუსული პროპაგანდისა და პროპაგანდისტებისაგან ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას”.