საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება ჩეჩნეთის მკვიდრი თუმსო აბდურაჰმანოვისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ. აბდურაჰმანოვი რუსეთიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვის ნათესავთან კონფლიქტის შემდეგ გაიქცა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია დევნილთა და განსახლების სამინისტროს არგუმენტი, რომ თუმსო აბდურაჰმანოვისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა “გარკვეული გარემოებების გამო, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება”.
აბდურაჰმანოვმა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა და მიზეზად დაასახელა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან დევნა მას შემდეგ, რაც მისმა ავტომობილმა გზა გადაუჭრა ჩეჩნეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვის ბიძაშვილისა და ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ისლამ კადიროვის კორტეჟს.
მალე აბდურაჰმანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდებით.
ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა, რომელიც ხშირად იცავს ჩრდილოეთ კავკასიიდან დევნილთა ინტერესებს, განაცხადა, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელმძღვანელობდნენ “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის ერთ-ერთი პუნქტით. ამ კანონით დაშვებულია უცხოელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ინტერესების შელახვის საფრთხე არსებობს. თუმცა, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ უარის ნამდვილი პოლიტიკური მიზეზი სხვაა - თბილისს არ სურს, გროზნო და მოსკოვი გააღიზიანოს.