უცხოეთი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის და ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

   საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა. 

საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი სრულდება და არსებობს საფუძველი, ორმხრივი თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად. 

მხარეებმა ასევე განიხილეს სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის განვითარების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები. 

საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. 

საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი ინვესტიციებისთვის; ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, გამოვიყენოთ ეს საინვესტიციო შესაძლებლობები და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღევანდელ შეხვედრაზე. ირანის ისლამური საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ირანი პოზიტიურად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ამ პროცესს ხელს შეუწყობს. 
ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ირანთან ურთიერთობები ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტია. 
"სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ორმხრივი ინტერესია. წელს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავია და ვფიქრობთ, დღეს შეიძლება, თვისობრივად ახალი ურთიერთობების დაწყებაზე ვისაუბროთ, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 
შეხვედრისას საუბარი შეეხო სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხს, ასევე - ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში. 
ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარემ ასევე დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა.