უცხოეთი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები

   საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადავუხადო ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ესჰაყ ჯაჰანგირს გულთბილი მასპინძლობისთვის.

მოგეხსენებათ, რომ, რამდენიმე დღის წინ, 18 აპრილს საქართველოში ვუმასპინძლეთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს. აღნიშნული ვიზიტები ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების ნათელი დადასტურება გახლავთ.

მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სამართლებრივი ბაზის დახვეწა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულების გააქტიურებისაკენ. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ კუთხით და ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებებს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

ირანსა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს. ამ მხრივ 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.

ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით. ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა მუდმივად აფიქსირებდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რის გამოც, კიდევ ერთხელ ვსარგებლობთ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდით ირანის სახელმწიფოს და ირანელ ხალხს.

შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას მათ განსახორციელებლად. კერძოდ, საუბარია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე და ასევე, ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე. 

ძალიან მისასალმებელია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თან ახლდა მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმი, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ საქართველო ირანელ ინვესტორებს სთავაზობს გამორჩეულ ბიზნესგარემოს და ამასთანავე, ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას. ძალიან გვახარებს, რომ ირანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში დღითიდღე იზრდება და ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ტურისტულ სააგენტოებს შორის გავააქტიუროთ თანამშრომლობა, რათა უფრო მეტი ქართველი ტურისტი ეწვიოს ირანს. 
ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რათა ყველა ბარიერი, რომელიც შეიძლება არსებობდეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში, მოვხსნათ, რათა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. 
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ძალიან გულთბილი მასპინძლობისათვის.


ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი:

მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ირანი და საქართველო მდებარეობენ ერთი ცივილიზაციის არეალში, გააჩნიათ ძალიან ბევრი საერთო ისტორიული და კულტურული ფაქტორი, ძირძველი კავშირები და სწორედ ეს განაპირობებს ორ ქვეყანას შორის კარგ თანამშრომლობას.

წინა შეხვედრებზე მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები და დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია მათი შესრულების პროცესის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტი. ამ დერეფნის საწყისი ქვეყნებია ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო შავი ზღვისპირეთი, ან - ირანი-სომხეთი-საქართველო შავი ზღვისპირეთი. 

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ოთხმხრივი შეთანხმება ირან-საქართველო-სომხეთ-რუსეთს შორის ელექტროსისტემების სინქრონიზაციის თაობაზე, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში მოხდეს ელექტროენერგიის გაცვლა. მხარეებმა ხაზი გავუსვით საბანკო ურთიერთობების აუცილებლობას, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარდეს სავაჭრო თანამშრომლობა. იმედი გვაქვს, ამ მხრივ შედეგს მალე მივაღწევთ.

ასევე, განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხელი მოეწერა ოთხ მნიშვნელოვან დოკუმენტს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით.

მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცალსახაა - ორი ქვეყნის მთავრობას აქვს ურყევი ნბა, განავითაროს თანამშრომლობა. გვჯერა, მისი აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. 
დიდი მადლობა.