საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრორუსული პარტიების გააქტიურებას არ გამორიცხავენ.
მედიაექსპერტების აზრით, მედიასაშუალებებში პრორუსული პროპაგანდის შინაარსის შემცველი რეკლამები უნდა აიკრძალოს.
„კატეგორიულად მიუღებელია რუსული ოკუპაციის დაკანონებისკენ მიდრეკილი და გამიზნული სარეკლამო გზავნილები“, - აცხადებს საინფორმაციო პორტალის “ევროპა საქართველოსთვის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლიკა ბასილაია-შავგულიძე.
„მედიასაშუალებებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩაერიონ ისეთი შინაარსის რეკლამაში, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას რუსეთის მიერ და ლეგიტიმაციას ახდენს ამ ოკუპაციის. აქამდე ასეთი ბერკეტი არ არსებობდა და ტელევიზიებს შეიძლება კანონი დაერღვიათ ასეთი შინაარსის რეკლამის შეზღუდვით,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა, რომლის თქმითაც, რუსული პროპაგანდა ხშირად სწორედ ქართული მედიის საშუალებით ხორციელდება.