საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო ოპოზიცია ემხრობა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საკანონმდებლო ინიციატივას რუსული პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით.
„მთავრობა, იმის მაგივრად, რომ ხელს უშლიდეს რუსეთის ამგვარ პროპაგანდას, გვევლინება, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ორგანიზაციების მხარდამჭერად, რომლებიც გამოდიან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.
„რუსული პროპაგანდა არის სერიოზული საფრთხე, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ამ მიმართულებით არათუ არაფერს არ აკეთებს, არამედ ახალისებს ამგვარ მედიას“, - განაცხადა “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის თაობაზე “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი ადა მარშანია აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ ვინ აწარმოებს "ამ სასტიკ პროპაგანდას" და ასევე არ იცის, თუ ვინ უნდა გადაწყვიტოს, რომ ესა თუ ის ინფორმაცია პროპაგანდისტულია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა” ჩამოყალიბდეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური ორგანიზაცია. მგონია, რომ ცოტა ზედმეტი წარმოდგენა აქვთ თავის თავზე“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.