საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩაატარა.
კვლევის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.
ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი (მაღალი გამავლობის ჩათვლით) ავტომანქანები შეადგენს.
მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტი მოთხოვნა იყო „ჰეჩბეკი“ ძარის ტიპის მქონე ავტომანქანებზე.
2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% - აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი.
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა.