აქტუალური
III ქვეითი ბრიგადის სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა

   საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ ბრუნდება.

პარასკევს, 21 აპრილს, ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე 32-ე ბატალიონის პირველ ნაკადს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინერი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს წარმატებით შესრულებული სამშვიდობო მისიისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

32-ე ბატალიონთან ერთად სამშობლოში ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც დაბრუნდა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი როტაციის წესით II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.