სამართალი
სუს-ს დეკანოზი მამალაძისთვის ციანიდი არ ჩაუდია! - ვახტანგ გომელაური

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ის თანამშრომლებმა მომწამვლელი ნივთიერება ჩაუდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაპატიმრებული.

“სამწუხაროდ, უშიშროების სამსახურს ბევრ რამეს აბრალებენ, ზოგჯერ იმასაც, რომ თითქოსდა მათ ჩაუდეს ციანიდი. რა თქმა უნდა, ამას უარვყოფ. ეს სისულელეა. დაკავების დროს ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დააკავეს და შეგიძლიათ, დაკავების ოქმი ამოიღოთ. არავინ არაფერს მალავს”, - უთხრა გომელაურმა ჟურნალისტებს.

სუს-ის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეში მისი სამსახური მხოლოდ მამალაძის ფარული თვალთვალით შემოიფარგლა.

თავად პატიმრობაში მყოფმა დეკანოზმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მეშვეობით წერილი გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მას ციანიდი ჩაუდეს, მაგრამ არა პროკურატურის თანამშრომლებმა.