პოლიტიკა
ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლავროვის სოხუმში ვიზიტს აფასებს

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში - ასე აფასებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი სოხუმში რუსეთის განახლებული საელჩოს გახსნას.

ამერიკელი დიპლომატი თავისი სახელმწიფოს პოზიციას კიდევ ერთხელ გამოხატავს და აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად. მისი თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და ეს პოზიცია არ შეიცვლება. 

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ძალიან მყარი და ნათელია. ჩვენ არ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაწილები არიან. ეს პოზიცია არ შეიცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს. აფხაზეთში რუსეთის საელჩოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ეს საელჩო იქნება ძალიან მარტო, რადგან საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად და, შესაბამისად, იქ არ იქნება სხვა საელჩოები. ეს ქმედება არის ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში. აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და უნდა დაუბრუნდეს მას“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.