აქტუალური
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, სამსახურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით,  საჯარო უწყებებში კორუფციის არსებობა იწვევს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვას, ხელს უშლის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და მისი ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას.

ამასთანავე, კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე“,- აღნიშნა გომელაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია  ქრთამის აღების 22, ქრთამის მიცემის 2, თაღლითობის 8, კომერციული მოსყიდვის 5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 4, მითვისების ან გაფლანგვის 2, სამსახურებრივი გულგრილობის 2 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 59 პირი.