აქტუალური
საერთაშორისო ტერორიზმი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის პრიორიტეტია რუსეთის სამხედრო მუქარის შეკავების შემდეგ

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აიყვანეს 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ქვეყნის მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება, სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვა. ამ მიმართულებით განვახორციელეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის, ასევე ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მხარდამჭერი პირი. ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისა და სხვა ბრალდებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე. ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება. მიმდინარეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა სისხლის სამართლებრივი დევნა. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ სირიიდან და ერაყიდან საქართველოში დაბრუნებული პირები. საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით. ხორციელდებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აიყვანეს 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის სფეროებში”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მუდმივად ხდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება და გადამზადება.