საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო აღშფოთებას გამოხატავს.
“უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით.
რუსეთის ფედერაციის მცდელობები, საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია, ეწინაღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და, ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს.
უაღრესად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკასა და ვითარების სტაბილიზაციისათვის გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედებებით, რომლებიც უფრო მეტად ძაბავს არსებულ ვითარებას.
საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას ნებისმიერი საკითხის დიპლომატიურ სივრცეში განხილვისათვის და მოუწოდებს რუსეთის მხარეს კონსტრუქციული დიალოგისაკენ”, - აღნიშნულია, კერძოდ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.