საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. აშშ და სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში, მის სათანადოდ დასჯას გეგმავენ.
ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პრემიერ-მინისტრმა ხვამ გიო ანმა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამომავლო პროვოკაციების შემთხვევაში, კორეის რესპუბლიკა და აშშ ძლიერ სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებენ", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სპეციალური ტაქტიკური სამხედრო ძალები შექმნა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 აპრილს ჩრდილოეთ კორეაში სპეციალური სამხედრო ძალების წვრთნები გაიმართა.
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში 15 აპრილს სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმზე ჩრდილოეთ კორეამ პირველად აჩვენა წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები. დღესასწაული ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ საერთაშორისო დაძაბულობის გაძლიერების ფონზე მიმდინარეობს.
14 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, რომელიც ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა. პენტაგონმა ბომბდამშენები გუამის ბაზაზეც გაგზავნა.
ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.