უცხოეთი
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა - თურქეთმა რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმში საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის მომხრეთა გამარჯვების შესახებ გააკეთა განცხადება. წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ამომრჩევლების 51.3 პროცენტი ემხრობა. ხოლო წინააღმდეგი 48.6 პროცენტია. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რეფერენდუმს ისტორიული უწოდა. მან ერთ-ერთ პირველ ამოცანად, ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა დაასახელა.

თურქეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს, რეფერენდუმის შედეგები სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ყველა მოქალაქეს მადლობას ვუხდი, განურჩევლად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მისცა ხმა. კენჭისყრამ აჩვენა, რომ ჩვენი ხალხი იცავს თავის ქვეყანას, თავის მომავალს. ხალხის არჩევანის მეშვეობით ჩვენ განვახორციელებთ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აცხადებს ერდოღანი.

რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებენ ოპოზიციური პარტიები. რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით დათვლილი იყო ის ბიულეტენებიც, რომლებიც საარჩევნო უბნებში არ იყო აღრიცხული. გამოკითხვის წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას სტამბულში საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის არჩევანს, მაგრამ ამ არჩევანს უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ ჩრდილი მიაყენა. კომისიის უკანონო გადაწყვეტილების რეფერენდუმის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ სამართლიანობის აღდგენისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ,“ - ამბობს ქილიჩდაროღლუსი.