სამართალი
დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგში საქართველომ 136 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გავლენიანმა შვეიცარიულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში საქართველომ, დაცულობისა და უსაფრთხოების კუთხით, 29-ე ადგილი დაიკავა.

ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ეს ქვეყნისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. 2011 წელს საქართველო 47-ე ადგილს იკავებდა. წინა, 2015 წლის ანგარიშთან შედარებით კი მან პოზიცია სამი პუნქტით გაიუმჯობესა და 32-დან 29-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგს ქვეყნებში სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ადგენს, მათ შორისაა ბიზნესზე კრიმინალისა და ძალადობის გავლენის ინდექსი. აღნიშნული ინდექსის მიხედვით საქართველო ამჯერად 23-ე ადგილს იკავებს. 2011 წელს იგი 41-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2015 წელს კი - 29-ე ადგილზე.