პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისია დღეს მუშაობას დაასრულებს

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. უმრავლესობა დღესვე, სამშაბათსვე წარმოადგენს კონსტიტუციის სამუშაო ვერსიას, რის შემდეგაც ჯერ მისი პარლამენტში ინიცირება მოხდება, შემდეგ კი საჯარო განხილვები დაიწყება.

საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენილი ოპოზიციური პარტიები სამუშაო ვერსიის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გადავლენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმზე. იმ შემთხვევაში, თუ საკვანძო საკითხები - პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო ბლოკებისა და მანდატების თემები უცვლელი დარჩება, ისინი კომისიას დატოვებენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” თვლიან, რომ უმრავლესობა პრინციპულ საკითხებზე კომპრომისზე არ წავა, სწორედ ამ მიზეზით დატოვა პარტიამ საკონსტიტუციო კომისია რამდენიმე დღის წინ.

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ჯერ კიდევ 2012-ში, რომელიც მან ვერ განახორციელა იმ მიზეზის გამო, რომ არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს პარლამენტის ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო”.