საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მარტის არდადეგების პროგრამა წარმატებით დასრულდა. მთავრობის ხელშეწყობით, აღნიშნული პერიოდი 600-მდე მოსწავლემ ბაკურიანში გაატარა.
„ჩვენ წელს შემოვიღეთ, უფრო სწორად, გავიხსენეთ ძალიან მივიწყებული სიკეთე გაზაფხულის არდადეგების სახით. განათლების სამინისტროს თაოსნობით და სპორტისა და ეკონომიკის სამინისტროების თანამონაწილეობით, 600-მდე მოსწავლემ, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ სოფლის მცირე სკოლებს, წელს არდადეგები გაატარა ბაკურიანში. უმეტესად ესენი არიან ის ადამიანები, ვინც სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, ვერ მიემგზავრებიან ზამთრის კურორტებზე. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გავაქტიურდებით, რათა ის ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება ზამთრის კურორტებზე, ხელმისაწვდომი იყოს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბავშვებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ახალგაზრდობაში, ბავშვებში ზამთრის კურორტებით მოსარგებლეთა წილობრივი მაჩვენებელი გაიზარდოს იმისათვის, რომ გავაჯანმრთელოთ ჩვენი მომავალი თაობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.