საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. საყოველთა ჯანდაცვის პროგრამით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან 500-დან 600 ათასამდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერი 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების ყიდვას თვეში 1 ლარად შეძლებს, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 30 დასახელების მედიკამენტებს შორისაა გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძარღვების დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) და ბრონქიალური ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო წამლები.
“თუ სოციალურად დაუცველი პენსიონერი თვეში 25-30 ლარის ღირებულების მედიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით, მაქსიმუმ თვეში 1 ლარი დაუჯდებათ. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იმუშავებს წლების განმავლობაში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.