სამართალი
ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. “იმის ალბათობა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, თითქმის ასპროცენტიანია”, - განაცხადა “ბი-ბი-სის” რუსულ სამსახურთან ინტერვიუში საქართველოსგან მოწყვეტილი რეგიონის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

“იმიტომ, რომ ყველას მშვენივრად გვესმის, რომ პრაქტიკულად სამი წელიწადი დარჩა იმ მომენტამდე, როცა ოსი ხალხის გაყოფის დღიდან 100 წელი გავა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც დღეს აქვს ადგილი, აღარ არსებობდეს. ყველა ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, ვხედავთ, რომ ეს - ეთნოსის გაყოფაა”, - განაცხადა ბიბილოვმა.

ამასთან, მან განმარტა, რომ გაერთიანება შეიძლება მოხდეს “მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებით”. პოლიტიკოსის თქმით, ეს საკითხი მოსკოვში მისი ამასწინანდელი ვიზიტის დროს განიხილებოდა. ამჟამად სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტი თითქმის 90%-ით რუსეთის ბიუჯეტის დოტაციების ხარჯზე ფორმირდება: 2017 წელს ეს თანხა 8 მილიარდ რუბლს აღემატებოდა.