საზოგადოება
თბილისის საკრებულოში სტაჟირებაგავლილმა ეროვნული დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლებმა სერტიფიკატები მიიღეს

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქციის „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ  და საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა რიტა ხიდირბეგიშვილმა თბილისში არსებული დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლებს, რომლებმაც საკრებულოში  3-თვიანი სტაჟირება გაიარეს, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

პროექტი თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ და საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით  გახორციელდა.

ასირიული, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული და რუსული დიასპორების წარმომადგენლებმა სტაჟირების ფარგლებში პრაქტიკა საკრებულოს სხვადასხვა განყოფილებაში  გაიარეს, გაეცნენ საჯარო სამსახურში მუშაობის სპეციფიკას და თვითმმართველობის ფუნქციებს.

პროექტის  პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სტაჟირებას ასევე დედაქალაქში მცხოვრები ეროვნული დიასპორების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული მეორე ჯგუფი შეუდგება.

შეხვედრას ფრაქციასთან  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი  და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.