საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. სადაზღვევო კომპანია „ქართუ“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„დაზღვევის კომპანია "ქართუ"-მ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოდან მიიღო პასუხი 2016 წლის 8 მაისს “რუსთავი 2”-ის ეთერში, ეკა კვესიტაძის გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. სიუჟეტი სათაურით „ელიტური კორუფცია“ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ეხებოდა.
“ქართუ”-მ, ასოციაცია “ატუ”-სთან და შპს “GSF პარტნიორებთან” ერთად მიმართა ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს, რადგან სიუჟეტში ნახსენები სამივე ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრახ დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.
ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ დაადგინა, რომ აღნიშნულ გადაცემაში ეკა კვესიტაძემ სს დაზღვევის კომპანია „ქართუ”-სთან დაკავშირებით დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება) და მე-11 პრინციპი (ფაქტის განზრახ დამახინჯება), რითაც დადასტურდა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციის განზრახ დამახინჯების ფაქტი”.