საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ექსპერტ მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა, რომელმაც საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.
პრემიერმა საერთაშორისო ექსპერტს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი კვლევის მომზადებისთვის, რომელშიც ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ არის აღიარებული და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებს განაგრძობს.
საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიში საერთაშორისო ექსპერტმა მარგარეტ ნიკოლსონმა USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოამზადა.